საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უკუკავშირი

დასრულებული პეტიცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების ამოქმედებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სოციალური სივრცეების შექმნა

203 ხელმოწერა 200

ინფორმაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი საჯარო ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად ვერ ფარავს არსებულ მოთხოვნებს და არც აქვთ რესურსი, დაფარონ უფრო დიდი გეოგრაფიული არეალი, არ ფუნქციონირებს მუნიციპალური კინოთეატრები, ქალაქებში პრაქტიკულად არ გვაქვს სივრცეები, სადაც სხვადასხვა თაობის მოქალაქეები შეძლებენ შეხვედრას და საერთო აქტივობების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს განსხვავებული ინტერესების შეჯერებას, საზოგა... სრულად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი საჯარო ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად ვერ ფარავს არსებულ მოთხოვნებს და არც აქვთ რესურსი, დაფარონ უფრო დიდი გეოგრაფიული არეალი, არ ფუნქციონირებს მუნიციპალური კინოთეატრები, ქალაქებში პრაქტიკულად არ გვაქვს სივრცეები, სადაც სხვადასხვა თაობის მოქალაქეები შეძლებენ შეხვედრას და საერთო აქტივობების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს განსხვავებული ინტერესების შეჯერებას, საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საერთო ინიციატივების შემუშავებას, დისკუსიას, ახალი ცოდნის მიღებას და გაზიარებას. მაგალითად, ა(ა)იპ “ახალგაზრდულმა ჰორიზონტმა” ქობულეთში, 2020-2021 წელს ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა, რამაც ნათლად გამოკვეთა ისეთი სივრცის საჭიროება, სადაც ახალგაზრდები თავისუფლად შეძლებდნენ შეკრებას, სხვადასხვა საკითხზე დისკუსიას, ფილმების განხილვას, ერთობლივი ინიციატივების შემუშავებას საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან ერთად მათი მხარდაჭერისა და ინტეგრირებისთვის. ასეთ ჯგუფებში, უპირველეს ყოვლისა, საპენსიო ასაკის ადამიანებსა და შშმ პირებს განვიხილავთ, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი რეკრეაციაზე, ურთიერთობაზე სხვა ასაკის ფართო აუდიტორიასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე. მაგალითისთვის ქობულეთში უკვე დახურულ ორგანიზაცია „ღირსეულ სიბერეს“ დავასახელებ - ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში ცდილობდა საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის სხვადასხვა აქტივობა შეეთავაზებინა, ჩაერთო სამოქალაქო ინიციატივებში, თუმცა მწირი დაფინანსებისა და სივრცის არასებობის გამო დღეს „ღირსეული სიბერე“ აღარ ფუნქციონირებს.
არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების დანიშნულება იქნება ერთგვარად დააკმაყოფილოს ზემოდასახელებული საჭიროებები; მუნიციპალიტეტებში გაჩნდეს თანამედროვე სივრცეები, რომელთა მიზანი მოქალაქეებისთვის ახალი სერვისების მიწოდება, მოქალაქეთა ჩართულობის ორგანიზება და სხვადასხვა თაობის ადამიანთა ურთიერთკავშირის შესაძლებლობის გაჩენა იქნება.
არაფორმალური განათლების ცენტრები ქვემოთ დასახელებული ფაქტორებით განაპირობებს ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას:
არაფორმალური განათლების ცენტრებში მოეწყობა კინოჩვენებებისთვის განკუთვნილი სივრცე. სივრცის მოწყობაში სრულყოფილი კინოთეატრის აღჭურვას არ მოვიაზრებთ ძვირადღირებული ტექნიკით, განათებით, პროფესიული ჩვენებებისთვის განკუთვნილი ეკრანითა და გახმოვანების აპარატურით, არამედ საშუალობიუჯეტიან დანახარჯებს, რომელიც გაწვდება ეკრანს, აუდიტორიისთვის განკუთვნილ სკამებს, ხმის გაძლიერების სისტემას და მინიმალურ განათებას. ამ სივრცემ ერთგვარად მუნიციპალური კინოეთეატრის ფუნქცია უნდა შეითავსოს, ფილმებს კი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დახმარებით პერიოდულად აჩვენებენ უფასოდ ან მინიმალური საფასურით.
ცენტრში იმოქმედებს პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის და სხვა თანამედროვე მიმართულების სასწავლო კურსები გარკვეული პერიოდულობით. ბაზარზე გაჩენილი მზარდი მოთხოვნების შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება სავალდებულოდ მიგვაჩნია ბათუმის ტექნოპარკთან თანამშრომლობით, კურსდამთავრებულებს კი აჭარის დასაქმების სააგენტოს მეშვეობით მიეწოდებათ ინფორმაცია ამ სფეროში რეგიონში არსებულ ვაკანსიებზე;
ზემოჩამოთვლილი ამოცანების გარდა, არაფორმალური განათლების ცენტრებში ინტენსიურად გაიმართება შეხვედრები მუნიციპალურ, რეგიონულ და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე - ეს იქნება მერთან, საკრებულოს წევრებთან საქმიანი კომუნიკაცია თუ შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრები. არაფორმალური განათლების ცენტრები უნდა გახდეს სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი სივრცე თვითორგანიზებისა და ინიციატივების განხილვისთვის.
2023 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, ჩვენი პეტიციის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაიწყება არაფორმალური ცენტრების ასაშენებლად საპროექტო წინადადებების მომზადება - უპირველესად, გასარკვევი იქნება, რომელ მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს ახალი ნაგებობა და სად შეიძლება უკვე არსებული (მუნიციპალიტეტის ან ავტონომიის ბალანსზე არსებული) შენობების რეაბილიტაცია ცენტრის მოსაწყობად. პეტიციაში განხილული თემები, შესაძლოა, მივიჩნიოთ იდეის სამუშაო ვერსიად და თუ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს ცენტრების კონცეფციის შექმნაზე, ეს დაინტერესებულ ჯგუფებს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობებს მისცემს. ასევე, დასაშვებია, რომ ტენდერის ნაცვლად, კონცეფციის წარდგენაზე სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადოს და კომპეტენტურმა კომისიამ საუკეთესო შეარჩიოს. ცხადია, როცა ვსაუბრობთ ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ან ძველის რეაბილიტაციაზე არაფორმალური განათლების ცენტრების გახსნისთვის, აუცილებლად ვითვალისწინებთ შშმ პირთათვის ყველა აუცილებელი საშუალების მოწყობას ცენტრებით სარგებლობისთვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სახელით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებთან ერთად, პეტიციის სახით წარმოგიდგენთ არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების გახსნისა და ამოქმედების ინიციატივას - დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიახლე ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის სასარგებლო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სასიკეთო ცვლილების განხორციელებას.

  • დასრულებული პეტიცია სტატუსი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების ამოქმედებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სოციალური სივრცეების შექმნა დასახელება
  • გვანცა ვარშანიძე პეტიციის ავტორი
  • 0 მხარდამჭერთა რაოდენობა წარდგენისას
  • 203 ელექტრონული ხელმოწერების რაოდენობა
  • 203 მხარდამჭერთა სრული რაოდენობა
  • 09-02-13-ვ/945 რეგისტრაციის ნომერი
  • 21 ნოემბერი, 2022 წარდგენის თარიღი
  • 24 ნოემბერი, 2022 გამოქვეყნების თარიღი

დოკუმენტები ადმინისტრაციისგან: